home menu
ჩვენს შესახებ

ჰოსპისი ფერისცვალება

,,ჰოსპისი ფერისცვალება” საქველმოქმედო ორგანიზაციაა, რომელიც უზრუნველყოფს ძირითადად უკურნებელი სენით დაავადებული ადამიანების პალიატიურ მოვლას, მათ სულიერ და სოციალურ თანადგომას ბინასა და ჰოსპისში. ჩვენი მომსახურება პაციენტებისთვის სრულიად უსასყიდლოა.
ორგანიზაციას აქვს თავისი პროფესიული სასწავლებელი, სადაც მსურველები უფასოდ სწავლობენ ავადმყოფის მოვლას, საერთაშორისო გამოცდილებისა და სტანდარტების გათვალისწინებით.
ჰოსპისის გუნდი დაკომპლექტებულია პროფესიონალი ექიმებით, ექთნებით ,მომვლელებით, რამდენიმე ადმინისტრაციის წევრითა და მოხალისეებით.
ჩვენი ჰოსპისი ფერისცვალების დედათა მონასტერთან არსებობს. მისი მიზანია, მაქსიმალურად დაეხმაროს ადამიანებს ცხოვრების ამ მძიმე და მნიშვნელოვან პერიოდში. ჩვენი სურვილია, არამარტო მოვუაროთ ავადმყოფს, არამედ მასთან ერთად გავიაზროთ ავადმყოფობის, ტკივილის, სიცოცხლისა და სიკვდილის მნიშვნელობა.
ჩვენს ორგანიზაციაში ამჟამად 11 მოწყალების და მუშაობს, რომლებიც დახმარებას უწევენ 70 მდე მარტოხელა ან შეჭირვებულ ოჯახებში მცხოვრებ მოხუცსა და ავადმყოფს.

...

როგორ დაარსდა ჰოსპისი

...

2002 – 2003 წლებში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია II ის ლოცვა კურთხევით, ფერისცვალების დედათა მონასტრის დედებმა, ქართველი ბიზნესმენების დიდი დახმარებითა და გვერდში დგომით საფუძველი ჩაუყარეს წმინდა ნინოს სახელობის, "ჰოსპისი ფერისცვალების" საქმიანობას. არსებული მძიმე სოციალური ფონი, უამრავი პაციენტი, რომელიც სასწრაფოდ საჭიროებდა მოვლას, გარდაუვალს ხდიდა ამ საქმის წამოწყებას. 2006 წლიდან ინიციატივას შემოუერთდა გერმანული ორგანიზაცია ,,დიაკონიშეს ვერკი’ (Diakonisches Werk) და საქმიანობა გაგრძელდა გერმანულ ქართული პროექტის ფარგლებში, ჩამოყალიბდა მოწყალების დების სასწავლებელი, მცირე ზომის ჰოსპისი და შინმოვლის სამსახური. 2007 – 2008 წლებში პროექტს მნიშვნელოვანი დახმარება გაუწია შვეიცარულმა ორგანიზაციამ ,, საქართველოს შვეიცარელი მეგობრები”(Vereinigung der Freunde Georgiens) მარიანე და თომას კრაიერების თაოსნობით. მათი დახმარებით რეკონსტრუქცია ჩაუტარდა სასწავლებლის შენობას და უკვე 2009 წლიდან სასწავლებელმა მოიპოვა ლიცენზირებული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი. 2012 წლიდან საქართველო საპატრიარქომ თავის თავზე აიღო სასწავლებლის ძირითადი დაფინანსება. სადაც სტუდენტები დღემდე სრულიად უსასყიდლოდ იღებენ განათლებას. მთელი თავისი არსებობის მანძილზე ჩვენს ჰოსპისს გვერდში უდგას ამერიკული საქველმოქმედო ორგანიზაცია ,, საქართველოს ამერიკელი მეგობრები” (AFG – American Friends of Georgia). მათი და სხვა მრავალი გულშემატკივარისა და პარტნიორის ხელშეწყობით, ფერისცვალების ჰოსპისი უკვე 15 წელია სტაბილურად ემსახურება ძალიან მნიშვნელოვან საქმეს და მუდმივად ცდილობს განვითარებასა და გაფართოებას თავისი პაციენტების საკეთილდღეოდ. ჩვენს ორგანიზაციაში ამჟამად 11 მოწყალების და მუშაობს, რომლებიც დახმარებას უწევენ 70 მდე მარტოხელა ან შეჭირვებულ ოჯახებში მცხოვრებ მოხუცსა და ავადმყოფს.

რატომ ჰქვია ჰოსპისს ფერისცვალება

პირველი მიზეზი რატომაც ჩვენს ჰოსპისს „ფერისცვალება „ დავარქვით არის ის, რომ იგი ფერისცვალების სახელობის დედათა მონასტერთან არის დაარსებული. სხვა შემთხვევაში ვერ გავკადნიერდებოდით ასეთი ამაღლებული სახელი დაგვერქვა ჩვენი მოკრძალებული სახლისთვის თუმცა, ყოველთვის უკეთესია მიზნად უფრო მაღალი გქონდეს ვიდრე შეგიძლია.
მით უფრო, რომ ღმერთიც ამას ითხოვს ჩვენგან : იყავით სრულ ვითარცა მამაი თქვენი ზეცათაი სრულ არს. ამიტომ შევეცდებით შინაარსითაც დავუკავშირდეთ ამ სახელწოდებას. ფერისცვალების ტროპარი გვეუბნება: ,,მთასა ზედა ფერი იცვალე ქრისტე ღმერთო და უჩვენე მოწაფეთა შენთა დიდება შენი ძალისაებრ მათისა.” ესე იგი ქრისტემ თავის სამ მოწაფეს აუხილა სულიერი თვალი, რათა მათ ეხილათ მისი ღვთაებრივი ბუნება „ძალისაებრ მისითა “ და ამით გვიჩვენა, რომ შესაძლებელია მისი ხილვა ჯერ კიდევ აქ, სიცოცხლეში და რჩეულნი ამას აღწევენ. გზა კი იქამდე მიმავალი მცნებების აღსრულებაზე, ტკივილსა და ჯვარცმაზე გადის. წმინდა მამები ამბობდნენ: ჩვენ ვასრულებთ მცნებებს, ჩვენს შემდეგ მცხოვრებნი ნაწილობრივ შეასრულებენ, ბოლო ჟამს კი საერთოდ აღარ იქნება სულიერი ცხოვრება, მაგრამ ვინც ბოლო ჟამს საცდურებს და განსაცდელებს გაუძლებს, ჩვენზე დიდები იქნებიან.
თუ ადამიანი მორჩილებით და მადლიერებით მიიღებს ავადმყოფობასა და განსაცდელს ღმერთი მასაც აუხელს სულიერ თვალს და ღვთის დიდებას იხილავს. -იღუმენია მარიამი

...

ფერისცვალების მონასტრის ისტორია

...

ფერისცვალების მონასტერი მდებარეობს თბილისის ცენტრში მეტეხის გორაზე. იგი ცნობილია , როგორც დარეჯანის სასახლე - ,, საჩინო”.
დარეჯან დედოფლის სასახლე გვიან შუასაუკუნეების პერიოდის ძეგლია. იგი მეფე ერეკლეს მეუღლეს, დარეჯან დედოფალს აუგია ავლაბრის ტერიტორიაზე ძველი ციხის ნანგრევებზე. სასახლის გვერდით დგას მეფისა და დედოფლის მფარველი წმინდანების წმ. ერეკლესა და წმ. დარიას სახელობის ტაძარი.
დარეჯან დედოფლის თაოსნობით აშენებული ეკლესია და სასახლე სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობებთან ერთად არქიტექტურულ კომპლექსს წარმოადგენს, რომელიც ქვის გალავნით არის შემოსაზღვრული.
ერეკლე მეფის გარდაცვალების შემდეგ (1798 წ.)დარეჯან დედოფალმა სამშობლოში ყოფნის ბოლო წლები ამ სასახლეში გაატარა.
1803 წელს რუსეთის იმპერატორის ბრძანებით, დედოფალი პეტერბურგში გადაასახლეს.
1807 წელს სამშობლოს მონატრებით დატანჯულმა დედოფალმა უცხოობაში მიაბარა სული უფალს.
1819 წელს საქართველოს ეგზარქოსმა - თეოფილაქტემ, (რუსანოვი) რუსეთის წმინდა სინოდისაგან ითხოვა ლოცვა კურთხევა დარეჯან დედოფლის ყოფილ რეზიდენციაში მამათა მონასტრის გახსნასთან დაკავშირებით. ამ მონასტერში ბევრი ცნობილი საულიერო პირი მოღვაწეობდა: ამბროსი ხელაია, ალექსანდრე ოქროპირიძე, ფილადელფოს კიკნაძე. კომუნისტირი რეჟიმის პერიოდში ფერისცვალების მონასტერი დაიხურა. ეკლესიას საწყობადაც იყენებდნენ, იქ მუზეუმიც იყო, შემდგომში ერთი მსახიობის თეატრი დაარსდა და 90 იან წლებამდე თეატრალური წარმოდგენები იმართებოდა.
1990 წლიდან ეკლესია საპატრიარქოს გამგებლობაში გადავიდა. საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარსესის
ილია II-ის ლოცვა კურთხევით დაარსდა დედათა მონასტერი. მონასტრის წინამძღვარია იღუმენია მარიამი (ნინო მიქელაძე).
უწმინდესის კურთხევით მონასტერი წლების განმავლობაში ეწევა სოციალურ საქმიანობას.