home menu
ბლოგი /სიახლეები
ტრაქეოსტომის მოვლა ბავშვებში

ტრაქეოსტომის მოვლა ბავშვებში

ბავშვთა ასაკში ტრაქეოსტომის მოვლას ახლავს გარკვეული თავისებურებები, რომლებიც სასურველია მშობლებმა გათვალისწინონ.

სეირნობა: ახალი ადგილების ნახვა, რა თქმა უნდა ძალიან ანვითარებს ბავშვს, ამიტომ არ უნდა მოვერიდოთ ბავშვის გაყვანას და არც უცხო ხალხის გაოცებულ მზერას, როდესაც თქვენი შვილის ყელზე მიმაგრებულ "უცნაურ მილს" დაინახავენ.  ყველაზე მნიშვნელოვანია ყოველთვის თან ვიქონიოთ ჩანთა, რომელიც დაკომპლექტებულია სახლის გარეთ ყოფნის დროს სავალდებულო ნივთებით.თუ რაიმეს მოვიხმართ ჩანთიდან, არასოდეს დაგვავიწყდეს მისი შევსება!  სეირნობის დროს არასოდეს დავტოვოთ ბავშვი უყურადრებოდ, განსაკუთრებით წყლის სიახლოვეს. უნდა გვახსოვდეს რომ ტრაქეოსტომით არ შიძლება ყვინთვა. საფრთხილოა, მცირე ზომის სათამაშოებით და ქვიშით თამაში, რადგანაც ბავშვმა შემთხვევით, ეს მცირე ნაწილაკები შიძლება სასუნთქ მილში ჩაუშვას. მგზავრობისას, მაგ. როდესაც ერთი ადამიანი საჭესათან ზის, აუცილებლად უნდა გვახლდეს მეორე ადამიანი, რომელიც ექსტრემალურ სიტუაციაში სწრაფად მოახდენს რეაგირებას.  ტრაქეოსტომის დროს ბოლი, ორთქლი, ცივი ჰაერი პირდაპირ ხვდება ფილტვებში.ამიტომ უნდა მოვერიდოთ ძალიან ცივ ამინდში გარეთ გასვლას(შეიძლება გამოიწვიოს სასუნთქი გზების სპაზმი), მსუბუქი კაშნეს ყელზე შემოხვევა სუნთქვისთვის არ ქმნის პრობლემას, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ბავშვის თანდასწრებით სიგარეტის მოწევა.თუ კი ექიმი გირჩევთ, სასურველია სპეციალური ფილტრის "სველი ცხვირის ხმარება", გარდა გაწმენდისა, მასში შემავალი ჰაერი თბება და ტენიანდება.

შინაური ცხოველები: ბავშვი უნდა მოვარიდოთ გრძელბეწვიან შინაურ ცხოველებთან (ბეწვი შეიძლება მოხვდეს სასუნთქ გზებში) და ფრინველებთან ურთიერთობას.

ძილი: ჩვილი ბავშვის შემთხვევაში, ჯობს მასთან ერთად გვეძინოს. თუ ბავშვი მოზრდილია, უმჯობესია გამოვიყენოთ ვიდეო ძიძა (babyphone);

დაბანვა: ჩვილები უმჯობესია ხელის გულზე დავიწვინოთ ზურგით, თავი გადავაწევინოთ უკან და ასე დავბანოთ. მოზრდილმა ბავშვმა შეიძლება შხაპის ქვეშ იბანაოს, უღონდ წყალი უნდა მოარიდოს ტრაქეოსტომას, მაგ. ხელი დაიფაროს.

ტანსაცმელი: რეკომენდებულია თავისუფალი ზედა ტანსაცმელი, უმჯობესია სამკუთხედი გულით?;

 ტრაქეოსტომის დასუფთავება (სანაცია): უმჯობესია ჩავატაროთ ხოლმე დილით,როდესაც ლორწო გასქელებულია. ხშირად ბავშვები სწრაფად ეჩვევიან და დამოუკიდებლადაც ამოახველებენ ხოლმე. სანაციის დროს გასათვალისწინებელია, რომ ჩვილებში ტრაქეის სივიწროვის გამო ხშირად იხმარება ტრაქეოსტომა , რომელსაც შიდა მილაკი (კანულა) არ აქვს;

ურთიერთობა: თავიდან ბავშვები არ ლაპარაკობენ და უხმოდ ტირიან, რაც საკმაოდ სტრესულია მშობლისთვისაც და ბავშვისთვისაც. მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ დავამშვიდოთ ბავშვი, ყურადღებით უნდა ვიყოთ მისი ჟესტების მიმართ, როცა ბავშვი რაიმეს გვანიშნებს. ყველაფერს ჭირდება დრო და ბავშვი ნელ-ნელა ადაპტირდება. არსებობს სპეციალური კლაპანი, რომელიც მაგრდება ტრაქეოსტომაზე და მისი დახმარებით შესაძლებელი საუბარი, მაგრამ მას ყველა ავადმყოფი ვერ იყენებს, რადგანაც ეს დამოკიდებულია ძირითად დაავადებაზე. ძალიან ეფექტურია ჟესტების ენა, რომელსაც ბავშვები ძალიან ადვილად ითვისებენ. მთავარია გულისხმიერი დამოკიდებულება, რადგანაც ხშირად გამომეტყველებაც კი მრავლისმეტყველია.

 კვება და სითხის მიღება: დასალევი სითხე ბავშვს ყოველთვის უნდა მივცეთ საკმარისად, ბრონქებში ლორწო რომ არ შესქელდეს. თავიდან ბავშვებს უჭირთ ნერწყვის გადაყლაპვაც კი. შეიძლება ისე მოხდეს რომ აფურთხებდეს კიდეც, მაგრამ უფროსი ასაკის ბავშვებთან ჭამასთან და დალევასთან დაკავშირებული პრობლემები დიდხანს არ გრძელდება ხოლმე და მალევე გადადიან ჩვეულებრივ საკვებზე. ბავშვებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია საერთო მაგიდასთან კვება, საკვებზე ხელით შეხება, რადგანაც ტრაქეოსტომის დროს ქვეითდება გემოვნების და ყნოსვის შეგრძნება, რაც შესაბამისად აქვეითებს საკვების მოთხოვნილებასაც. ხშირია ხოლმე კვების და სითხის მიღების დროს ხველა, ამ დროს შესაძლებელია საკვები ან სითხე ფილტვებში მოხვდეს.ასეთ დროს აუცილებლად უნდა დავუკავშირდეთ მკურნალ ექიმს, შესაძლოა ეფექტური იყოს ლოგოპედის დახმარება. კვების პრობლემები უფრო დიდხანს გრძელდება ხოლმე ჩვილ ბავშვებთან, იმდენად, რომ მათთან ხანდახან გარკვეული დროის მანძილზე გასტრალური ზონდით კვება ხდება ხოლმე აუცილებელი.

მნიშვნელოვანია! მშობელმა იზრუნოს საკუთარ თავზე! ხანდახან ძალიან ჭირს ამ ყველაფრის გაძლება. უნდა მივცეთ საკუთარ თავს დასვენების საშუალება, ვთხოვოთ ახლობლებს დახმარება, ჩავრთოთ ოჯახის წევრები ბავშვზე ზრუნვაში.აქვე უნდა გავითვალისწინოთ, რომ დამხმარე ადამიანმა უნდა იცოდეს ტრაქეოსტომის მქონე ბავშვის მოვლა, ასევე უნდა იცოდეს ვის უნდა მიმართოს ექსტრემალურ სიტუაციაში.

წყარო: https://www.facebook.com/PalliativeCareAdvice