home menu
ბლოგი /სიახლეები
ტრაქეოსტომის მოვლა მოზრდილებში და ბავშვებში

ტრაქეოსტომის მოვლა მოზრდილებში და ბავშვებში

თუ კი თქვენ, სახლის პირობებში ზრუნავთ ტრაქეოსტომის მქონე ბავშვზე ან მოზრდილზე,მაშინ აუცილებლად უნდა იცოდეთ ტრაქეოსტომას მოვლა.

ტრაქეოსტომის მოვლა შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, სპეციალური სამედიცინო განათლების გარეშე. მეტიც, მშობელმა ან მოზრდილმა, მაქსიმალურად უნდა მოინდომოს,რომ დაეუფლოს ამ ჩვევებს ტრაქეოსტომის ჩადგმის თანავე, ქირურგიულ განყოფილებაში, სამედიცინო პერსონალის დახმარებით.

რას მოიცავს ტრაქეოსტომის მოვლა?

ტრაქეოსტომის შეცვლა;

 ტრაქეოსტომის სანაცია(დასუფთავება)

ტრაქეოსტომის შეცვლა

რატომ უნდა იცოდეს მომვლელმა ტრაქეოსტომის გამოცვლა?

თუნდაც თქვენ არასოდეს მოგიწიოთ ტრაქეოსტომის გამოცვლა, როგორც წესი ამას აკეთებს ხოლმე მკურნალი ექიმი, თქვენ აუცილებლად უნდა იცოდეთ ამის გაკეთება, იმიტომ რომ სამწუხაროდ, გაუთვალისწინებელი შემთხვევებისგან არავინ არის დაზღვეული. მაგ. ტრაქეოსტომა შეიძლება გაიჭედოს იმდენად, რომ არანაირმა სანაციამ (სამედიცინო დასუფთავებამ) არ უშველოს, ადამიანმა შეძლება საერთოდ ვერ ჩაისუნთქოს და სიტუაცია ლეტალურად დამთავრდეს. გაბიდნული ტრაქეოსტომის გარდა, პატარა ბავშვმა შეიძლება ამოიძროს ტრაქეოსტომა და ამ შემთხვევაში მშობელმა უნდა შესძლოს ტრაქეოსტომის ოპერატიულად უკან ჩადგმა, რათა აღდგეს დაუბრკოლებელი სუნთქვა.

რატომ არის აუცილებელი პერიოდულად ტრაქეოსტომის გამოცვლა?

ტრაქეოსტომის მილის კედლებზე დროთა განმავლობაში შეიძლება დაგროვდეს ბაქტერიები და სოკოები, გარდა ამისა გამონადენის ნაწილი ხშირად ეკვრის მილის კედლებს შიგნიდან და წარმოქმნის ნადებს. ასეთმა ნადებმა, ნებისმიერ დროს შეიძლება დაახშოს მილის სანათური და გამოიწვიოს მოხრჩობა.

რა სიხშირით იცვლება ტრაქეოსტომა?

ამ საკითხს წყვეტს თქვენი მკურნალი ექიმი ტრაქეოსტომის სახეობიდან და პაციენტის ინდივიდუალური მონაცემებიდან გამომდინარე. დაახლოებით ეს ხდება ხოლმე თვეში ერთხელ.

ტრაქეოსტომა სპეციალური მილია (კანულა), რომელიც ჩადგმულია სასუნთქ მილში - ტრაქეაში, ყელში ქირურგიულად შექმნილი ხვრელის (სტომის) საშუალებით. ტრაქეოსტომით სუნთქვისას, ჰაერი ჩადის ფილტვებში ისე,რომ არ გაივლის პირისა და ცხვირის ღრუს.

საყურადღებოა!

პირის ღრუს ჰიგიენა: დღეში ორჯერ პირის ღრუს და კბილების დასუფთავება, პირის ღრუს და ტუჩების გამოშრობის პროფილაქტიკა (პირის ღრუში წყლის გამოვლება,ყინულის დაწუწვნა, ტუჩების დატენიანება სველი საფენით, ჰიგიენური პომადით სარგებლობა);

საცხოვრებელი გარემოს მოწყობა: ხშირი განიავება, დალაგება სველი წესით, მკვეთრი სუნის მქონე საშუალებების გარეშე, ნოხების და წიგნების გატანა.

სტომის (ხვრელის) გარშემო კანზე სიწითლის, გამონაყარის ან ჩირქოვანი გამონადენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მივმართოთ ექიმს;

შესაძლებელია დაბანვა დუშის ქვეშ, ისე, რომ წყალი არ მოხვდეს მილში - დავიფაროთ ხელით ან სპეციალური დამცავით. ყვინთვა არ შეიძლება!

ტრაქეოსტომის, პირისა და ცხვირის ღრუს სანაცია(დასუფთავება):

ტრაქეოსტომის, პირისა და ცხვირის ღრუს სანაცია - დასუფთავება, აუცილებელი და რეგულარული პროცედურაა, რომლის მიზანია სასუნთქი გზებიდან ზედმეტი ლორწოსა და ნახველის მოცილება.

როდის და რა სიხშირით კეთდება სანაცია?

ტრაქეოსტომის სანაცია კეთდება ყოველდღიურად, მინიმუმ დღეში 2-ჯერ;

ტრაქეოსტომის სანაცია საჭიროა, როდესაც გვესმის ხმაურიანი ხიხინი? მილიდან ან სისველე გადმოდის მილიდან ან ავადმყოფი მოუსვენრად არის, ცდილობს ამოახველოს და ვერ ახერხებს ამას.

პირისა და ცხვირის ღრუს სანაცია კეთდება ყოველი საჭიროების დროს - როდესაც პირის და ცხვირის ღრუში ლორწოა დაგროვილი.

როგორ ხდება სანაცია?

ტრაქეოსტომის სანაციისთვის საჭიროა შემწოვი აპარატი - ასპირატორი, რომელთანაც მიერთებულია ერთჯერადი სტერილური შემწოვი კათეტერი.

მნიშვნელოვანია!

სანაცია უნდა ჩატარდეს სპეციალური კათეტერით, რომელსაც მომრგვალებული ბოლო აქვს. მისი დიამეტრი არ უნდა აღემატებოდეს ტრაქეოსტომის მილის დიამეტრის ნახევარს, ანუ უნდა იყოს მილის დიამეტრის 1/2; ამით ავირიდებთ ტრაქეის ლორწოვანის დაზიანებას;

კათეტერი უნდა შევიყვანოთ ზუსტად ტრაქეოსტომის მილის სიგრძეზე, თორემ დავაზიანებთ ტრაქეას. ეს საკითხი აუცილებლად უნდა შევათანხმოთ ექიმთან;

თუ ავადმყოფს აქვს სქელი, ბლანტი ნახველი, სანაციამდე, წინასწარ ტრაქეოსტომის მილში შპრიცით უნდა ჩავასხათ 1-2 მლ ფიზიოლოგიური ხსნარი (0,9% ნატრიუმის ქლორიდი), შემდეგ გავაკეთოთ სანაცია;

თუ საჭიროა ლორწოს განმეორებითი ამოწოვა, დავასვენოთ ავადმყოფი რამდენიმე წუთით სანაციებს შორის პერიოდში;

თუ სანაციის დროს ან მილის შეცვლისას შევამჩნიეთ მწვანე ნახველი ან არასასიამოვნო სუნი ან სისხლი, დაუყოვნებლივ უნდა მივმართოთ ექიმს!

ტრაქეოსტომის მილი, პირისა და ცხვირის ღრუ არ შეიძლება დასუფთავდეს ერთი და იგივე კათეტერით. კათეტერი ყოველ ჯერზე უნდა გამოვცვალოთ;

ძალიან ხშირი სანაცია აღიზიანებს ლორწოვანს, ამიტომ ის უნდა გაკეთდეს გეგმიურად დღეში ორჯერ ან კონკრეტული მიზეზით;

სანაცია დისკომფორტს უქმნის ავადმყოფს.მოზრდილის შემთხვევაში დავკვირდეთ, თუ როგორ გრძნობს ის თავს. ბავშვის შემთხვევაში, პროცედურის დამთავრებისთანავე ჩავისვათ ის კალთაში და შევეცადეთ დავამშვიდოთ;

ყოველი პროცედურის დაწყების წინ და დამთავრებისას, ხელები გულდასმით უნდა დავიბანოთ და ანტისეპტიკით დავიმუშაოთ;

ტრაქეოსტომის ქვეშ (სტომის გარშემო)განლაგებული სტერილური საფენების და ტრქეოსტომის დამჭერი თასმების მოვლა

დღეში 1-2-ჯერ უნდა გამოვცვალოთ ტრაქეოსტომის ქვეშ დაფენილი საფენები. 3-4 ცალი მარლის სტერილური საფენი უნდა დავადოთ ერთმანეთს და V-ს მაგვარად შეგვიძლია ჩვენ თვითონ ჩავჭრათ.არ შეიძლება ბინტის გამოყენება მარლის ნაცვლად, რადგანაც მისი ძაფები შეიძლება მოხვდეს სასუნთქ გზებში. ძველი საფენის მოხსნისას, სანამ ახალს დავაფენთ, კანი საფენის ქვეშ უნდა დასუფთავდეს ფიზიოლოგიურ ხსნარით ან წყლის საფუძველზე დამზადებული ანტისეპტიკით, რომელიც არ შეიცავს სპირტს. დასუფთავების შემდეგ კანზე სიმშრალის შემთხვევაში, შეგიძლიათ იხმაროთ ბავშვის კრემი. არ შეიძლება ტალკის ხმარება;

ტრაქეოსტომის სპეციალური დამჭერი თასმები, დაბინძურების შემთხვევაში შეგვიძლია გავრეცხოთ და ხელმეორედ ვიხმაროთ. დამჭერი თასმები შეგვიძლია გავაკეთოთ ბინტისგან: ბინტი სიგრძეზე მოვკეცოთ ორად, შემდეგ კიდევ ორად, ისე რომ მისი კიდეები შიგნით მოექცეს.დამჭერი თასმები ყოველ ჯერზე უნდა გამოვცვალოთ, თუ ისინი დაბინძურდა ან დასველდა, მაგ. ჰიგიენური პროცედურის დროს.დამაგრების სისწორეს ვამოწმებთ შემდეგნაირად: ყელსა და თასმებს შორის უნდა მოვათავსოთ ორი თითი. თუ თითები ჩაგვეტია, ე.ი. თასმები სწორად დავამაგრეთ, თუ არა ე.ი. თასმები ძალიან მოუჭირეთ, რამაც შეიძლება ვენებზე ზეწოლა და ნაწოლების წარმოქმნა გამოიწვიოს.

აუცილებელი ნივთების ნუსხა, რომლებიც სახლში უნდა გვქონდეს:

ასპირატორი;

 ასპირაციის სტერილური კათეტერები, თვეში 150-300ც;

ტრაქეოსტომის საფიქსაციო სპედიალური ლენტები ან ბინტისგან დამზადებული თასმები;

ტრაქეოსტომის სათადარიგო მილი;

ტრაქეოსტომის ქვეშ დასაფენი სტერილური საფენები 30-50/თვეში

 ყურის ჩხირები, მარლის ტამპონები ან მარლის საფენები ტრაქეოსტომის გარშემო კანის დასამუშავებლად;

 ფიზიოლოგიური ხსნარი(ნატრიუმის ქლორიდი 0,9%),ტრაქეოსტომის სტერილური სანირებისთვის;

წყალზე დამზადებული ანტისეპტიკი, რომელიც არ შიცავს სპირტს,500მლ თვეში;

ტრაქეოსტომის ფილტრი("სველი ცხვირი");

ანტისეპტიკი ხელების დასამუშავებლად;

 აუცილებელი ნივთები, რომლებიც თან უნდა ვიქონიოთ, სახლიდან გასვლისას:

ხელის ანტისეპტიკი; 

 ორი მილი (კანულა), ერთი საჭირო ზომის, მეორე ერთი ზომით პატარა(იმ შემთხვევისთის თუ გაგვიჭირდა ჩადგმა)

 სტერილური ათეტერები;

 მექანიკური ხელის ასპირეტორი;

 მილის ფისატორები და საფენები;

 მაკრატელი, შპრიცი; 

 0,9 % ნატრიუმის ქლორიდი (ფიზიოლოგიური ხსნარი)

 ტელეფონის ნომრები, ვისაც შეგიძლიათ მიმართოთ ექსტრემალურ სიტუაციაში;

ბავშვთა ასაკში ტრაქეოსტომის მოვლას ახლავს გარკვეული თავისებურებები, რომლებიც სასურველია მშობლებმა გათვალისწინონ.

სეირნობა: ახალი ადგილების ნახვა, რა თქმა უნდა ძალიან ანვითარებს ბავშვს, ამიტომ არ უნდა მოვერიდოთ ბავშვის გაყვანას და არც უცხო ხალხის გაოცებულ მზერას, როდესაც თქვენი შვილის ყელზე მიმაგრებულ "უცნაურ მილს" დაინახავენ.

 ყველაზე მნიშვნელოვანია ყოველთვის თან ვიქონიოთ ჩანთა, რომელიც დაკომპლექტებულია სახლის გარეთ ყოფნის დროს სავალდებულო ნივთებით. თუ რაიმეს მოვიხმართ ჩანთიდან, არასოდეს დაგვავიწყდეს მისი შევსება!

სეირნობის დროს არასოდეს დავტოვოთ ბავშვი უყურადრებოდ, განსაკუთრებით წყლის სიახლოვეს. უნდა გვახსოვდეს რომ ტრაქეოსტომით არ შიძლება ყვინთვა.

საფრთხილოა, მცირე ზომის სათამაშოებით და ქვიშით თამაში, რადგანაც ბავშვმა შემთხვევით, ეს მცირე ნაწილაკები შიძლება სასუნთქ მილში ჩაუშვას.

მგზავრობისას, მაგ. როდესაც ერთი ადამიანი საჭესათან ზის, აუცილებლად უნდა გვახლდეს მეორე ადამიანი, რომელიც ექსტრემალურ სიტუაციაში სწრაფად მოახდენს რეაგირებას.

ტრაქეოსტომის დროს ბოლი, ორთქლი, ცივი ჰაერი პირდაპირ ხვდება ფილტვებში.ამიტომ უნდა მოვერიდოთ ძალიან ცივ ამინდში გარეთ გასვლას(შეიძლება გამოიწვიოს სასუნთქი გზების სპაზმი), მსუბუქი კაშნეს ყელზე შემოხვევა სუნთქვისთვის არ ქმნის პრობლემას, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ბავშვის თანდასწრებით სიგარეტის მოწევა.თუ კი ექიმი გირჩევთ, სასურველია სპეციალური ფილტრის "სველი ცხვირის ხმარება", გარდა გაწმენდისა, მასში შემავალი ჰაერი თბება და ტენიანდება.

შინაური ცხოველები: ბავშვი უნდა მოვარიდოთ გრძელბეწვიან შინაურ ცხოველებთან (ბეწვი შეიძლება მოხვდეს სასუნთქ გზებში) და ფრინველებთან ურთიერთობას.

ძილი: ჩვილი ბავშვის შემთხვევაში, ჯობს მასთან ერთად გვეძინოს. თუ ბავშვი მოზრდილია, უმჯობესია გამოვიყენოთ ვიდეო ძიძა (babyphone);

დაბანვა: ჩვილები უმჯობესია ხელის გულზე დავიწვინოთ ზურგით, თავი გადავაწევინოთ უკან და ასე დავბანოთ. მოზრდილმა ბავშვმა შეიძლება შხაპის ქვეშ იბანაოს, უღონდ წყალი უნდა მოარიდოს ტრაქეოსტომას, მაგ. ხელი დაიფაროს.

ტანსაცმელი: რეკომენდებულია თავისუფალი ზედა ტანსაცმელი, უმჯობესია სამკუთხედი გულით?;

ტრაქეოსტომის დასუფთავება (სანაცია): უმჯობესია ჩავატაროთ ხოლმე დილით,როდესაც ლორწო გასქელებულია. ხშირად ბავშვები სწრაფად ეჩვევიან და დამოუკიდებლადაც ამოახველებენ ხოლმე. სანაციის დროს გასათვალისწინებელია, რომ ჩვილებში ტრაქეის სივიწროვის გამო ხშირად იხმარება ტრაქეოსტომა , რომელსაც შიდა მილაკი (კანულა) არ აქვს;

ურთიერთობა: თავიდან ბავშვები არ ლაპარაკობენ და უხმოდ ტირიან, რაც საკმაოდ სტრესულია მშობლისთვისაც და ბავშვისთვისაც. მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ დავამშვიდოთ ბავშვი, ყურადღებით უნდა ვიყოთ მისი ჟესტების მიმართ, როცა ბავშვი რაიმეს გვანიშნებს. ყველაფერს ჭირდება დრო და ბავშვი ნელ-ნელა ადაპტირდება. არსებობს სპეციალური კლაპანი, რომელიც მაგრდება ტრაქეოსტომაზე და მისი დახმარებით შესაძლებელი საუბარი, მაგრამ მას ყველა ავადმყოფი ვერ იყენებს, რადგანაც ეს დამოკიდებულია ძირითად დაავადებაზე. ძალიან ეფექტურია ჟესტების ენა, რომელსაც ბავშვები ძალიან ადვილად ითვისებენ. მთავარია გულისხმიერი დამოკიდებულება, რადგანაც ხშირად გამომეტყველებაც კი მრავლისმეტყველია.

კვება და სითხის მიღება: დასალევი სითხე ბავშვს ყოველთვის უნდა მივცეთ საკმარისად, ბრონქებში ლორწო რომ არ შესქელდეს. თავიდან ბავშვებს უჭირთ ნერწყვის გადაყლაპვაც კი. შეიძლება ისე მოხდეს რომ აფურთხებდეს კიდეც, მაგრამ უფროსი ასაკის ბავშვებთან ჭამასთან და დალევასთან დაკავშირებული პრობლემები დიდხანს არ გრძელდება ხოლმე და მალევე გადადიან ჩვეულებრივ საკვებზე. ბავშვებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია საერთო მაგიდასთან კვება, საკვებზე ხელით შეხება, რადგანაც ტრაქეოსტომის დროს ქვეითდება გემოვნების და ყნოსვის შეგრძნება, რაც შესაბამისად აქვეითებს საკვების მოთხოვნილებასაც. ხშირია ხოლმე კვების და სითხის მიღების დროს ხველა, ამ დროს შესაძლებელია საკვები ან სითხე ფილტვებში მოხვდეს.ასეთ დროს აუცილებლად უნდა დავუკავშირდეთ მკურნალ ექიმს, შესაძლოა ეფექტური იყოს ლოგოპედის დახმარება. კვების პრობლემები უფრო დიდხანს გრძელდება ხოლმე ჩვილ ბავშვებთან, იმდენად, რომ მათთან ხანდახან გარკვეული დროის მანძილზე გასტრალური ზონდით კვება ხდება ხოლმე აუცილებელი.

მნიშვნელოვანია! მშობელმა იზრუნოს საკუთარ თავზე! ხანდახან ძალიან ჭირს ამ ყველაფრის გაძლება. უნდა მივცეთ საკუთარ თავს დასვენების საშუალება, ვთხოვოთ ახლობლებს დახმარება, ჩავრთოთ ოჯახის წევრები ბავშვზე ზრუნვაში.აქვე უნდა გავითვალისწინოთ, რომ დამხმარე ადამიანმა უნდა იცოდეს ტრაქეოსტომის მქონე ბავშვის მოვლა, ასევე უნდა იცოდეს ვის უნდა მიმართოს ექსტრემალურ სიტუაციაში.

https://www.facebook.com/PalliativeCareAdvice