home menu
ბლოგი /სიახლეები
როგორ დავიცვათ ავადმყოფის თმის ჰიგიენა?

როგორ დავიცვათ ავადმყოფის თმის ჰიგიენა?

ვფიქრობთ აქტუალურია მწოლიარე ავადმყოფის ჰიგიენის საკითხების განხილვა. დღეს ვისაუბროთ თმის მოვლის შესახებ.

მნიშვნელოვანია გახსოვდეთ:

გარდა სისუფთავის სასიამოვნო შეგრძნებისა, თავის დაბანას აქვს დამამშვიდებელი ეფექტიც, ამიტომ თმის მოვლისას, ყოველთვის წინასწარ შეათანხმეთ ავადმყოფთან რის გაკეთებას აპირებთ. შეეცადეთ ჩართოთ პროცედურაში, მაგალითად, თუ უნარი შესწევს, თვითონ ჩამოივარცხნოს თმა.

თუ ავადმყოფი ადვილად იღლება, ერთდროულად ნუ დაბანთ თავსაც და ტანსაც. გრძელი თმის შემთხვევაში, ფაქიზად, თანდათან ჩამოვარცხნეთ თმა ბოლოებიდან ძირებისკენ.

ავადმყოფს დაბანეთ თავი არანაკლებ კვირაში 1-2-ჯერ. ხშირად დავარცხნეთ თმა, დღეში რამდენჯერმე.

შეიძლება მშრალი შამპუნის გამოყენებაც, მაგრამ ეს არ ცვლის წყლით სრულფასოვანი დაბანის პროცედურას.

წინასწარ მოვამზადეთ:

ჩამჩა წყლის დასასხმელად;

დაბალი ტაშტი;

შამპუნი და თუ საჭიროა კონდიციონერი;

თმის საშრობი ე.წ. „ფენი“;

ბრტყელი სავარცხელი;

მინიმუმ ორი წყალგაუმტარი საფენი;

ერთჯერადი ხელთათმანები;

2 პირსახოცი.

როგორ დავბანოთ თავი მწოლიარე ავადმყოფს საწოლში?

- მოსახერხებელია სპეციალური გასაბერი აბაზანის გამოყენება, მაგრამ თუ ის არ გაქვთ, შესაძლებელია მის ნაცვლად დაბალი ტაშტის გამოყენება. განვიხილოთ ორივე ვარიანტი:

თუ გაქვთ თავის დასაბანი აბაზანა:

ავადმყოფს გამოაცალეთ ბალიში, მხრებიდან მოყოლებული, საწოლის ბოლომდე დაუფინეთ წყალგაუმტარი საფენი და თავქვეშ დაუდეთ წინასწარ გაბერილი აბაზანა. აბაზანას მიმაგრებული აქვს წყლის დასაცლელი მილი, რომელიც საწოლთან მდგარ ტაშტში ან სათლში (ვედროში) უნდა ჩაუშვათ. აბაზანის აქვს კისრის დასადები ჩაღრმავება, სადაც კომფორტისთვის უმჯობესია პირსახოცი დაუფინოთ;

თუ თავს ბანთ ტაშტში:

ავადმყოფს თავის ქვევიდან გამოაცალეთ ბალიში. შემდეგ მხრებქვეშ დაუდეთ მუთაქა, ან რამდენიმე ფენად დაკეცილი დიდი პირსახოცი ან იგივე ბალიში ორად მოკეცილი. დამოკიდებულია იმაზე თუ როგორ მოიხერხებთ. მთავარი მიზანია - ავადმყოფის მხრებმა და თავმა ისე წამოიწიოს, რომ შეძლოთ ტაშტის შედგმა, რომელშიც შემდეგ თავის დაბანის დროს წყალი ჩაისხმება. აღსანიშნავია, რომ თუ ავადმყოფი წევს ლეიბზე, შესაძლებელია მხრების ქვეშ შეუკეცოთ თავისივე ლეიბი. ამით მხრებიც წამოიწევა და ადგილიც განთავისუფლდება ტაშტის დასადგმელად. მხრებიდან მოყოლებული, საწოლის ბოლომდე გააფინეთ წყალგაუმტარი საფენი, რომელზედაც დადგამთ ტაშტს;

ავადმყოფი თავს კომფორტულად იგრძნობს, თუ კისრის ქვეშ ამოუდებთ რამდენიმე ფენად დაკეცილ პირსახოცს ან ძალიან პატარა მუთაქას.

უმჯობესია, ერთი წყალგაუმტარი საფენი ან უბრალო მუშამბა ავადმყოფს კისერზე ერთი მხრიდან შეუკრათ ან სამაგრით დაუმაგროთ, ამ მუშამბის მეორე ბოლო კი გადმოაფინოთ ტაშტში ისე, რომ ჩამობანისას წყალს პირდაპირი მიმართულება მიეცეს ტაშტისკენ.

დავარცხნეთ ავადმყოფს თმები;

ყურებში წყალი რომ არ ჩავიდეს, მოსახერხებელია ბამბის ბურთულების მოთავსება. თვალებსა და შუბლზე, სახის დასველების თავიდან ასაცილებლად, ავადმყოფის სურვილისამებრ, შეიძლება დააფინოთ პატარა პირსახოცი;

თბილი წყლისა და შამპუნის გამოყენებით დაბანეთ თავი მსუბუქი მასაჟის მოძრაობებით. უმჯობესია, დაბანის დროს დამხმარეს ეჭიროს ავადმყოფის თავი და მეორე ადამიანი უშუალოდ ბანდეს.

შეუხვიეთ თმები პირსახოცით.შემდეგ გამოაცალოთ ტაშტი ან აბაზანა;

გამშრალება უნდა მოხდეს პირსახოცის ...., თმის დაქაჩვის გარეშე. განსაკურების საყურადღებოა კარგად შევამშრალოთ კეფა და ყურების მოდამოები(ნაწოლების გაჩენის საშიშროების გათვალისწინებით).

დავარცხნეთ თმა, სიფრთხილით გამოიყენეთ ფენი.

საყურადღებოა!

ოთახში უნდა თბილოდეს, ტემპერატურა - არანაკლებ 22-24OC, წინასწარ დახურეთ ფანჯრები;

წყალი რომლითაც ვბანთ,წინასწარ აუცილებლად მოსინჯეთ, ოპტიმალური ტემპერატურაა 36-37 OC;

იხმარეთ ჰიპოალერგიული შამპუნები, რომლებიც ნაკლებად ქაფდება. ხშირად ხანდაზმულები ბავშვის ან სარეცხის საპონს ამჯობინებენ ხოლმე;

ფრთხილად შეუცვალეთ პაციენტს სხეულის მდებარეობა. მკვეთრმა ცვლილებამ შიძლება თავბრუსხვევა ან "გულის წასვლა" გამოიწვიოს. განსაკუთრებით საყურადღებოა პატიენტები, რომელთაც გადატანილი აქვთ თავის ტრამვა ან ნეიროქირურგიული ოპერაციები. ამ შემთხვევაში წინასწარ მიიღეთ ინსტრუქციები მკურნალი ექიმისგან;

დაბანის დაწყებამდე თმის დავარცხნისას, ყურდღებით დაათვალიერეთ თავისა და კისრის კანი, რათა არ გამოგრჩეთ ქერტლის, გამოყელვის, სიწითლის, ქავილის ან ტილების არსებობა. ყველა ამ შემთხვევაში დაუკავშირდით მკურნალ ექიმს, განსაკუთრებულ ყურადღებასა და გადაუდებელ მკურნალობას მოითხოვს პარაზიტების არსებობა.

https://www.facebook.com/PalliativeCareAdvice