home menu
ბლოგი /სიახლეები
როგორ მოვუაროთ ავადმყოფის ნაწოლებს?

როგორ მოვუაროთ ავადმყოფის ნაწოლებს?

ვის აქვს ნაწოლების გაჩენის მაღალი რისკი?

ადამიანს, რომელსაც არ შეუძლია დამოუკიდებლად სხეულის მდგომარეობის შეცვლა და ერთ პოზაში იმყოფება (დამჯდარი ან მწოლიარე), ორ საათზე მეტ ხანს;

ვისაც აღენიშნება მძიმე ნევროლოგიური დაავადებები (მაგ: დამბლა, მოხუცთა გონებასუსტობა), გულსისხლძარღვთა დაავადებები, ტროფიკული წყლულები, დიაბეტი;

ადამიანს, რომელსაც აქვს უნებლიე შარდვა ან დეფეკაცია(ნაწლავთა მოქმედება), გამოხატული ოფლიანობა;

ვისაც აქვს წონის პრობლემა: ჭარბი წონა ან პირიქით სხეულის მასის განლევა.

სხეულის რომელ ადგილებზე ჩნდება ნაწოლები ყველაზე ხშირად?

ნაწოლები ყველაზე ხშირად ჩნდება სხეულის იმ ნაწილებზე, სადაც ძვლოვანი ელემენტები ყველაზე ახლოს არის კანთან და საწოლის ზედაპირზე ხანგრძლივი ზეწოლის გამო დარღვეულია ამ უბნების სისხლით მომარაგება.

როგორ ჩავატაროთ ჰიგიენური პროცედურები?

თუ შესაძლებელია, დაეხმარეთ ავადმყოფს შხაპისა და აბაზანის მიღებაში, ან ყოველდღიურად გაუწმინდეთ კანი. თუ ავადმყოფს აბანავებთ, ჭრილობას დიდი ხნით ნუ გააჩერებთ წყალში, გულდასმით ჩამობანეთ საპონი. გამოიყენეთ მწოლიარეებისთვის განკუთვნილი სპეციალური გამწმენდი ქაფები ან რბილი საბავშვო საპონი, ანტიბაქტერიული მოქმედების გარეშე;

დაეხმარეთ პირადი ჰიგიენის დაცვაში: ყოველი მოშარდვის/ნაწლავთა მოქმედების შემდეგ გულდასმით დაასუფთავეთ ინტიმური ადგილები. ხშირად ფინანსური თვალსაზრისით, რთულია ყოველი მოშარდვის შემდეგ პამპრსის გამოცვლა, ამიტომ პრაქტიკულად მოსახერხებელია, მოზრდილთა პამპერსის შიგნით ავადმყოფს დაუმატოთ დიდი ზომის საბავშვო პამპერსი, რომელსაც მისამაგრებლებს - „ლიპუჩკებს“ მოაჭრით და ისე გამოიყენებთ. ასეთ შემთხვევაში შარდით ძირითადად სველდება ეს საბავშვო - შიდა პამპერსი, რომლის გამოცვლაც ბევრად მარტივია. ამასთან ძალზე მოსახერხებელია ისიც, რომ თუ ნაწოლი პამპერსის შიდა არეშია, მაგ. კუდუსუნზე, რადგანაც დიდი პამპერსი ნაკლებად სველდება, ნაწოლზე დაფენილი სამკურნალო საფენიც სუფთად ინახება. მაგრამ ყურადღებით იყავით, თუ სამკურნალო საფენი დასველდა მაგ. შარდით ან დაბინძურდა დეფეკაციის დროს, ის მაშინვე უნდა გამოცვალოთ;

ჰიგიენური პროცედურის შემდეგ, დაუზიანებელ კანზე გამოიყენეთ მწოლიარესათვის განკუთვნილი დამნამავი და დამცავი კრემები, ლოსიონები.

როგორ მოუაროთ ნაწოლს?

აუცილებლად დაგჭირდებათ კვალიფიციური სამედიცინო სპეციალისტის კონსულტაცია. აფთიაქები გვთავაზობენ ნაწოლების მოვლის მზა საშუალებებს, რომლებიც ძალიან ეფექტურია, მაგრამ სამწუხაროდ, სიძვირის გამო, ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის არ არის ხელმისაწვდომი.

თუმცა ყურადღებიანი მოვლის შემთხვევაშიც, შესაძლებელია ძალიან კარგი შედეგის მიღწევა უფრო იაფი და გამოცდილი საშუალებებით. მაგ. სახლის პირობებში შეგვიძლია:

 1. ნაწოლი წინასწარ ჩამოვბანოთ შპრიცით ამოღებული, წყალში განზავებული 1:1 ბეტადინის ხსნარით ან თუ ნაწოლი ჩირქოვანია, უმჯობესია 3% წყალბადის ზეჟანგის ხსნარის გამოყენება;

 2. მოვამშრალოთ ჭრილობა სტერილური საფენებით;

 3. გამოხარშულ მიტკლის საფენზე ან სტერილურ ბინტის საფენზე მოვათავსოთ ქვემოთ ჩამოთვლილი რომელიმე სამკურნალო მალამო: „სუდოკრემი“ ან „ვიშნევსკის“ მალამო. ან ძალიან ეფექტურია თუ თქვენ თვითონ დაამზადებთ შემდეგ ნარევს: 1 ტუბი ლევომიკოლის მალამო +1 ტუბი სინტომიცინის მალამო +1 ტუბი არგოსულფანის მალამო. გასათვალისწინებელია, რომ თუ ნაწოლი ჩირქოვანია, კარგი იქნება თუ ამ ნარევს დავამატებთ 500 მგ-იანი მეტრონიდაზოლის 4 ცალ დაფხვნილ აბს. ეს ნარევი დიდხანს ინახება მაცივარში და შეგიძლიათ გამოიყენოთ ნაწოლის ყოველი დამუშავების დროს. ყველა აქ ჩამოთვლილი მალამოების მოქმედება ინდივიდუალურია და ჯობს მომვლელმა ეფექტურობის მიხედვით თვითონ შეურჩიოს ავადმყოფს.

 საკმაო პრობლემას ქმნის ზოგჯერ ნაწოლზე არსებული მოყვითალო ნადები ან მუქი ფერის ნეკროზული ფუფხი. ეს ფუფხი ზემოთ ჩამოთვლილი მალამოების ხმარებითაც შეიძლება დარბილდეს და მოშორდეს. თუ ეს ასე არ მოხდა, საჭირო იქნება ქირურგის მოყვანა და ფუფხის მოშორება.

 ფუფხის მოშორების შემდეგ, კარგი მოვლის პირობებში, მალამოების ხმარების შედეგად, ნაწოლი თანდათან ამოივსება. ამ ახალი ქსოვილების და კანის მოვლა ძალიან მნიშვნელოვანია-ის არ უნდა გამოშრეს, ამისთვის უკვე შეხორცებულ ნაწოლზე კარგად გამოგადგებათ სულკოსერილის ან ბეტადინის მალამოს საფენები.

რა არის ნაწოლების წარმოქმნის ხელშემწყობი მიზეზები?

ავადმყოფის ობიექტური მდგომარეობის გარდა, ხელშემწყობი მიზეზები შეიძლება იყოს მოვლის დროს დაშვებული შეცდომები:

 მწოლიარე ან მჯდომარე ადამიანის ხანგრძლივად, უმოძრაოდ ყოფნა;

 კანის გადახეხვა ან დაჭიმვა-წანაცვლება ავადმყოფის მდებარეობის არასწორად ცვლილებისას, მაგ. ადამიანის წამოწევა საწოლში დაქაჩვით ან ზეწრის უხეშად გამოქაჩვა;

 კანის ხანგრძლივი სისველე (მაგ. შარდის შეუკავებლობა) ან კანის ზედმეტად გამოშრობა;

 სინთეტიკური ან მოუხერხებელი თეთრეული, მაგ. ზედმეტად მოჭერილი ტანსაცმელი, რაც ხშირად სხეულის ჩახურებას იწვევს;

 არასრულფასოვანი კვება და სითხის არასაკმარისად მიღება;

 როგორ დავიცვათ თავი ნაწოლების წარმოქმნისგან?

 ავადმყოფს ხშირად უნდა შევუცვალოთ მდებარეობა: თუ ადამიანი წევს - ყოველ ორ საათში, თუ ადამიანი ზის - ყოველ ერთ საათში! ძალზე მნიშვნელოვანია, წავახალისოთ ავადმყოფი აქტიური მოძრაობების შესასრულებლად;

 ყოველდღიურად დავუთვალიეროთ ავადმყოფს კანი. თუკი ავადმყოფს ადრე აღენიშნებოდა ნაწოლები, ან დათვალიერებისას შევნიშნავთ ნაწოლების დასაწყისისთვის დამახასიათებელ კანის ცვლილებებს, ძალიან ეფექტურია კანის ფაქიზი გაწმენდა წყალში დასველებული ოდნავ ნოტიო, ნატურალური ღრუბლით ან ოდნავ ხაოიანი პატარა, ნოტიო პირსახოცით ან ქაფურის სპირტით, რაც ამავე დროს მსუბუქი მასაჟის ფუნქციასაც ასრულებს;

 განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, რომ ავადმყოფის კვება იყოს ბალანსირებული და ცილებით მდიდარი (ხორცი, რძის ნაწარმი, თევზი);

 კანი ყოველთვის უნდა იყოს მშრალი და სუფთა. სასურველია, პამპერსი ხშირად შევამოწმოთ, გამოვცვალოთ ყოველი დასვრის შემდეგ და უზრუნველვყოთ ავადმყოფის ინტიმური ჰიგიენა. თუ ექიმისგან უკუჩვენება არ არის, არ შევზღუდოთ სითხის მიცემა, რადგან თუ ნაკლებ სითხეს მივცემთ, შარდი მეტად კონცენტრირებული იქნება და მასში არსებული მარილები მეტად გააღიზიანებს კანს;

 ავადმყოფის ტანსაცმელი და საწოლის თეთრეული უნდა იყოს ნატურალური ქსოვილისგან შეკერილი, უხეში ნაკერებისა და ნაკეცების გარეშე. ძალიან მოსახერხებელია დიდი ხნის ნახმარი, გაცრეცილი თეთრეულის გამოყენება;

 მივაქციოთ ყურადღება, რომ საწოლში არ იყოს საჭმლის, პურის ნამცეცები;

 თუ ავადმყოფს ჩადგმული აქვს კათეტერი, მაგ. შარდის ბუშტში, საყურადღებოა, რომ ის არ აწვებოდეს კანს;

 ძალიან დაგვეხმარება, თუ შევიძენთ ან ვითხოვებთ ფუნქციურ საწოლს (ანუ საწოლი, რომლის თავის და ფეხების ნაწილი შეგვიძლია ავწიოთ ან ჩამოვწიოთ) და ნაწოლების საწინააღმდეგო ლეიბს (ეს ლეიბი ზღვაზე გასაბერ მატრასს ჰგავს და მისი მთავარი დანიშნულებაა, სხეულის ზეწოლის გადანაწილება დიდ ფართობზე, რაც ნაწოლების წარმოქმნის რისკს ბევრად ამცირებს). გამოვიყენოთ მაქსიმალურად მსუბუქი საბანი და დამატებითი ბალიშები;

 ავადმყოფი ისე უნდა დავაწვინოთ, რომ არ იყოს ზეწოლა იმ ადგილებზე, სადაც მეტად სავარაუდოა ნაწოლის გაჩენა. ნაწოლების პროფილაქტიკის და მკურნალობის პროცესში უმჯობესია სპეციალური ბალიშების გამოყენება (სპეციალური ბალიშები ხშირად შევსებულია ხოლმე მცირე მარცვლებით - რბილი საბავშვო სათამაშოების მსგავსად), რომლებიც ჩვენთან ძნელად იშოვება. მათი არქონის შემთხვევაში, შეიძლება გამოვიყენოთ საშუალო სისქის ჩვეულებრივი ბალიშები. მაგ. თუ ავადმყოფი გვერდზე წევს, დავუდოთ ბალიში მუხლებსა და ბარძაყებს შორის, თუ ზურგზე წევს - ტერფების ქვეშ.

როგორ ამოვიცნოთ ნაწოლები?

დაზიანების სიმძიმის მიხედვით, განასხვავებენ ნაწოლების განვითარების ოთხ სტადიას:

პირველი სტადია: კანზე ჩნდება მოწითალო/იასამნისფერი/მოლურჯო ლაქები.

მნიშვნელოვანია: ლაქებს მსუბუქად უნდა დავაჭიროთ თითი 2-3 წამით და შემდეგ აუშვათ. თუ სიწითლე ფერმკრთალდება ხელით ზეწოლის შემდეგ, ეს ნიშნავს, რომ სისხლის მიმოქცევა შენარჩუნებულია და ნაწოლი განვითარებული არ არის. თუ ლაქები არ ფერმკრთალდება თითის დაჭერის შემდეგ, ეს ნიშნავს, რომ გვაქვს ნაწოლის განვითარების პირველი სტადია, რომელსაც თუ არ მოვუარეთ, მდგომარეობა აუცილებლად დამძიმდება;

მეორე სტადია: კანი შეშუპებულია, დაზიანებულია, შეიძლება იყოს ბუშტუკები;

მესამე სტადია: კანი დაზიანებულია კუნთებამდე, გვაქვს თხევადი გამონადენი;

მეოთხე სტადია: წყლულები ძალიან ღრმაა, შეიძლება დაზიანებული იყოს კუნთები და ძვლებიც, გვხვდება ნეკროზი - შავი ქერქი, ხშირია დაჩირქება.

რა შეიძლება გამოიწვიოს ნაწოლებმა?

ძლიერი ტკივილი;

ინფექცია და სეფსისი;

თუ ნაწოლებს არ ვუმკურნალებთ, შეიძლება გვქონდეს ყველაზე სავალალო შედეგები.

როგორ მოვიქცეთ ნაწოლების გაჩენის შემთხვევაში?

უმჯობესია, კონსულტაციისთვის თავიდანვე მივმართოთ კვალიფიციურ სამედიცინო პერსონალს;

ვაგრძელებთ ყველა ზემოთჩამოთვლილ პროფილაქტიკურ ღონისძიებას;

ყურადღება უნდა მივაქციოთ, ხომ არ აღინიშნება ტემპერატურის მომატება, შემცივნება, ცუდი სუნი ან გამონადენი ნაწოლიდან. ასეთ შემთხვევებში, აუცილებლად უნდა მივმართოთ ექიმს;

https://www.facebook.com/PalliativeCareAdvice